English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ნინო ფარესაშვილი
III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში’’

მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთის რვა ქვეყნიდან: საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, სლოვაკეთიდან, ლიეტუვადან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და ყირგიზეთიდან.

26 ოქტომბერს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში პლენარული სხდომა გახსნა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი ნუნუ ოვსიანიკოვა,  საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი.

პლენარული სხდომის გამომსველელებმა აღნიშნეს, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კარგ ტრადიციად დამკვიდრდა გლობალიზაციის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება, სადაც ერთმანეთის მოსაზრებებს ეცნობიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები. მისასალმებელია ის გარემოებაც, რომ ყოველწლიურად უცხო ქვეყნის მონაწილეთა რიგები ფართოვდება. ამჟამინდელი კონფერენცია განსაკუთრებულია, რადგანაც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების მე-100 წლისთავს ეძღვნება.

1990-იანი წლებიდან გლობალიზაცია მსოფლიო განვითარების მაგისტრალურ მიმართულებად გადაიქცა, რომელიც აქტიურ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე სოციუმის ყველა მხარეზე. გლობალიზაცია კომპლექსური ფენომენია და მის შესწავლაში, გამომსვლელთა აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ბიზნეს-მეცნიერებების როლი, რადგანაც ყველაფრის  საფუძველი ეკონომიკის გლობალიზაციაა.

გამომსვლელებმა ისაუბრეს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომელიც გლობალიზაციას გააჩნია საქართველოს ეკონომიკისთვის. აღინიშნა, რომ აუცილებელია მთავრობის მხრიდან ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს გლობალიზაციის თანმდევ უარყოფით შედეგებს და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მისი პოზიტიური მხარეების გამოყენებას.

გამომსვლელებმა წარმატებული მუშაობა უსურვეს კონფერენციის მონაწილეებს და იმედი გამოთქვეს, რომ სტუმრები ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად შეძლებენ თავისუფალი  დროის საინტერესოდ გამოყენებას და სიამოვნებას მიიღებენ კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისგან.

პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს:

თსუ-ს პროფესორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ თემაზე - „საქართველოს ეკონომიკური მოდელი: „სამომხმარებლო პარადოქსი“ და „ტურისტული ხაფანგი“. მომხსენებლის აზრით, საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური მოდელი ეფუძნება არა იმდენად წარმოების, რამდენადაც მოხმარების სტიმულირებას. 2017 წელს იმპორტი 3.8-ჯერ აღემატებოდა ექსპორტს, ხოლო იმპორტული პროდუქტების წილი, როგორც სამომხმარებლო, ისე სასურსათო კალათაში 80% იყო. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტი, ვლადიმერ პაპავას აზრით, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა უნდა გახდეს და ძირითადი ყურადღება გამახვილდეს ეკონომიკის  რეალური სექტორის განვითარებაზე მისი ინდუსტრიალიზაციის გზით.

საფრანგეთის ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვერონიკა ფლამბარდის მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე გლობალიზაციის ზემოქმედებაზე. აღინიშნა, რომ ამ პროცესს გააჩნია მთელი რიგი  წინააღმდეგობები, რომლებიც ვლინდება როგორც ეკონომიკის, ისე პოლიტიკის სფეროში და აუცილებელია გლობალიზაციისადმი ფრთხილი და დაბალანსებული მიდგომა.

ვადიმ ჰეტმანის სახელობის კიევის ნაციონალური ეკონომიკური უნივერსიტეტის დოცენტის, ე.მ.კ. ტატიანა სობოლევას მოხსენება მიეძღვნა გლობალური ტექნოლოგიური ძვრების პირობებში ინტელექტუალური საკუთრების მართვის პრობლემას. აღინიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა მთელი რიგი დარგების და მეცნიერებების განვითარების პრინციპულად ახალი მიმართულებები, რომლებიც, თავის მხრივ, არსებითად ცვლიან კონკურენტუნარიანობის პარამეტრებს, წინა პლანზე გამოჰყავთ ინოვაციები. ამჟამად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ექსპონენციალური ტექნოლოგიების გამოყენებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

საინტერესო მოხსენებით წარდგა აუდიტორიის წინაშე პოლონეთის რჟეცოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი იაცეკ სტროინი, რომელმაც ისაუბრა ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამედროვე საჯარო მართვის საკითხებზე. პოლონური გამოცდილების მაგალითზე მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც თანამედროვე პირობებში არსებობს მართვის ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის ოპტიმალური თანაფარდობის შერჩევის თვალსაზრისით.

თსუ-ს პროფესორ იოსებ ხელაშვილის მოხსენებაში - „ტურიზმის მდგრადი განვითარების სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები“ - აღინიშნა, რომ ტურიზმის სფეროს განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის და მას გააჩნია მულტიპლიკაციური ეფექტი. მან ყურადღება გაამახვილა სწავლების კეის მოდელის გამოყენების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ტურიზმის მდგრადი განვითარების აუცილებლობას და მისი უზრუნველყოფის ფაქტორებს.

შესვენების შემდეგ კონფერენციის მუშაობა განახლდა სექციებში. იმუშავა 13-მა სექციამ: ეკონომეტრიკა - ხელმძღვანელი პროფ. იური ანანიაშვილი. წაკითხული იქნა ორი მოხსენება - ი. ანანიაშვილის და მ. ჯულაყიძის; ეკონომიკური პოლიტიკა - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ირინა გოგორიშვილი. სექციაზე მოხსენებები წაიკითხეს ი. გოგორიშვილმა, მ. კვარაცხელიამ, ე. ლეკაშვილმა. მაკროეკონომიკა - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ნაზირა კაკულია. მოხსენები წაიკითხეს ნ. კაკულიამ, ს. ვოიტოვიჩმა - ალექსანდრე დუბჩეკის სახელობის ტრენჩინის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი), მ. ლობჟანიძემ და ა. შერბაკოვმა (მოსკოვი, რუსეთი); თეორიული ეკონომიკა -  ხელმძღვანელი პროფ. ელგუჯა მექვაბიშვილი. მომხსენებლები: პროფ. თ. ბერიძე და გ. ბედიანაშვილი; მიკროეკონომიკა - ხელმძღვანელი პროფ. ეთერ ხარაიშვილი. მომხსენებლები: ი. გაგნიძე და ე. კრაინაკოვა - ალექსანდრე დუბჩეკის სახელობის ტრენჩინის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი). საერთაშორისო ეკონომიკა - ხელმძღვანელი: პროფესორი, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე. მომხსენებლები: მ. თოქმაზიშვილი, რ. ფუტკარაძე, ხ. თაბაგარი; სტატისტიკა - ხელმძღვანელი: პროფ. სიმონ გელაშვილი. მომხსენებლები: ნ. აბესაძე, ს. გელაშვილი, ნ.მაღრაძე, მ. მუჩიაშვილი; აღრიცხვა, აუდიტი, ანალიზი - ხელმძღვანელი პროფ. ლევან საბაური. მომხსენებლები: მ. ვარდიაშვილი, ნ.კვატაშიძე, ა. ხორავა, ზ. გოგრიჭიანი, ლ. კოზმანაშვილი, მ. მაისურაძე, ლ. საბაური, ნ .სრესელი, რ. სრესელი, ი. ჭილაძე, მ. ჯიქია, მ. ნარსია, მ. კახელიშვილი; მარკეტინგი - ხელმძღვანელი პროფ. ნუგზარ თოდუა. მომხსენებლები: ნ. თოდუა, ბ. ვაშაკიძე, მ. კობალავა, ა. მღებრიშვილი, ს. ჯამრულიძე, მ. სეთური, ე. უროტაძე, ჩ. ჯაში, თ. ჯანგულაშვილი; საერთაშორისო ბიზნესი, მენეჯმენტი და ადმინისტრირება - ხელმძღვანელი პროფ. თემურ შენგელია. მომხსენებლები: ხ. ბერიშვილი, მ. გელაშვილი, ლ. გულედანი, მ. სანიკიძე, თ. შენგელია, გ. შიხაშვილი, მ. ტუღუში, თ. ღამბაშიძე, ნ. სარდლიშვილი; ტურიზმი - ხელმძღვანელი პროფ. იოსებ ხელაშვილი. მომხსენებლები: ვ. არღუთაშვილი, რ. სირბილაძე, ლ. ოქროშიძე, დ. ცატავა, მ. ხოხობაია; ფინანსები და საბანკო საქმე - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ლელა ღუდუშაური. მომხსენებლები: მ. ჩიკვილაძე, ნ. კაკაშვილი, ნ. კახნიაშვილი. ინფორმაციული ტექნოლოგიები - ხელმძღვანელი პროფ. დემურ სიჭინავა. მომხსენებლები: თ. მელქოშვილი, დ.სიჭინავა, მ. მაღრაძე.

სექციებში სულ წაკითხული იქნა  53 სამეცნიერო მოხსენება. ზოგიერთი საკითხის გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია.

კონფერენციის შედეგები შეაჯამა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გიორგი ღაღანიძემ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფერენციის მთავარი თემის აქტუალურობას, კომლექსურ ხასიათს და ისაუბრა მისი კვლევის ერთობლივი ძალისხმევით წარმართვის აუცილებლობაზე. დეკანმა იმედი გამოთქვა, რომ ფაკულტეტი ასევე წარმატებით შეძლებს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის მომზადებას და მაღალ დონეზე ჩატარებას.

მისასალმებელია, რომ კონფერენციის მონაწილეებს გადაეცა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული, რომელიც სოლიდური სამეცნიერო ნაშრომია, როგორც შინაარსობრივი, ისე მოცულობის (542გვ.) თვალსაზრისით.

III საერთაშორისო კონფერენციის - „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ - ჩატარება უდავოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ცხოვრებაში, რომლითაც ფაკულტეტმა საკუთარი წვლილი შეიტანა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან მე-100 წლისთავის ღირსეულად აღნიშვნაში.

ნინო ფარესაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

 სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის

დეკანის მოადგილე.